Skip to content

მამაჩემი ატიკუს ფინჩი

September 22, 2013

წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსას პროექტი “ანოტაცია”. 
კვირა პირველი.
დავალება პირველი.

 

ბავშვობას ყოველთვის ზღაპრული ელფერი დაკრავს. მოგონებები ამ დროიდან თითქოს ბუნდოვანი, მაგრამ ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავია. ალბათ სწორედ ამიტომ წიგნები, რომლებშიც ავტორები თავიანთი ბავშვობის ისტორიებს ყვებიან, ყველაზე უკეთ ახერხებენ მკითხველისათვის ასაკის, დროისა და რეალობის შეგრძნების დაკარგვას. ისინი “გვათავსებენ საკუთარ ტყავში”, “გვთხოვნიან საკუთარ თვალებსა” და გონებას და მათთან ერთად, ნაბიჯ–ნაბიჯ გვასწავლიან, როგორ შეიძლება ვიცხოვროთ უკეთესად. მიზანს თითოეული მათგანი განსხვავებული წარმატებით აღწევს.

 და ყველაზე უკეთ ეს ჯინ ლუიზა „ჭყიტა“ ფინჩს გამოსდის.

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ გამოიცა 1960 წელს. ავტორს, ჰარპერ ლის, წიგნმა მალევე დიდი წარმატება მოუტანა: აქცია ერთ–ერთი  ბესტსელერის ავტორად, პულიცერის პრემიის მფლობელად და უამრავი მკითხველის საყვარელ მწერლად. „ნუ მოკლავ ჯაფარას“ თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა . „ჯაფარას“ ხშირად შეხვდებით პოპ–კულტურაში, ფილმებსა თუ წიგნებში.

დიდი ხნის განმავლობაში მქონდა წიგნის წაკითხვის სურვილი, მაგრამ ქართულად არ მეგულებოდა, სანამ მისი აღმატებულება წიგნის ფესტივალზე გამომცემლობა „არეტემ“ თავის სტენდზე სულ რამდენიმე დღის დაბეჭდილი „ნუ მოკლავ ჯაფარას“ არ დამახვედრა .

გამიხარდა და როგორ გამიხარდა.

წიგნის სიუჟეტი ერთი შეხედვით ჩვეულებრივია – მკითხველი XX საუკუნის 30–იან წლებში ინაცვლებს, სახლდება გამოგონილი ქალაქის მეიკომის სამეზობლოში და აკვირდება სულ ახლახან სკოლაში მისული ჯინ ლუიზას (მეგობრებისათვის „ჭყიტას“) ამბებს. ავტორი ისტორიას პირველ პირში ყვება და ხშირად თავადაც გულიანად ეღიმება საკუთარ გულუბრყვილო, მაგრამ უფროსების მიერ დაწესებული ნორმებისაგან თავისუფალ შეხედულებებზე. წიგნის განმავლობაში უამრავ ახალ ისტორიასა და პერსონაჟს ვეცნობით, სწორედ ამიტომ ერთი მთავარი თემის დასახელება წიგნიდან საკმაოდ რთულია. პერსონაჟები ჭყიტას ოჯახის წევრები, მეზობლები, მეგობრები და მეიკომის სხვა მცხოვრებნი არიან.

ატიკუსი, ჭყიტა და ჯემი წიგნის ეკრანიზაციიდან

ატიკუსი, ჭყიტა და ჯემი წიგნის ეკრანიზაციიდან

ატიკუს ფინჩის, ჭყიტას მამის, პროტოტიპი თავად ავტორის, ჰარპერ ლის, მამაა, რომელიც ატიკუსის მსგავსად ვექილი ყოფილა და მასაც უცდია უდანაშაულო შავკანიანის დაცვა „კანონის უზენაესობისა“ და რასისტული საზოგადოებისაგან. ატიკუსი სხვა მამებისაგან რადიკალურად განსხვავებულია: არც ნადირობაა მისი საყვარელი თავშესაქცევი და  “შესანიშნავად შენახული შევროლეთი” სიარულსაც ფეხით სეირნობას ამჯობინებს. ჭყიტას აზრით, ეს მისი ერთობ უცნაური ჩვევაა. ატიკუსი, შვილების უახლოესი მეგობარი, მათთვის სიკეთისა და სიყვარულის საუკეთესო მასწავლებელია. შეუძლებელია მკითხველს ატიკუსის რომელიმე დარიგება ოდესმე დაავიწყდეს, შეუძლებელია ჭყიტას ადგილას არ წარმოიდგინო საკუთარი თავი, როდესაც მამა მის დამშვიდებას ცდილობს:“იცი რა, გენაცვალე, შენ ერთი პატარა ოინი უნდა ისწავლო, მაშინ ბევრად გაგიადვილდება ხალხთან ურთიერთობა. ადამიანს ვერასოდეს გაუგებ, თუ არ შეეცდები, მისი თვალით შეხედო გარემოს. უნდა შეეცადო, რომ მის ტყავში ჩაძვრე, მერე კი ასე ცოტა გაიარ–გამოიარო.” 

ჯემ ფინჩი, ფეხბურთის დიდი მოყვარული და ჭყიტას უფროსი ძმა, ყველაზე მზრუნველი და გამჭრიახი ბიჭია ჩემს ნაცნობ პერსონაჟებს შორის. წიგნის განმავლობაში  ყველაზე მეტ ცვლილებას სწორედ ეს პერსონაჟი განიცდის და საბოლოოდ, როგორც ატიკუსის შვილს შეეფერება, ნამდვილი ჯენტლმენი ხდება.

დილ ჰარისი, ჭყიტასა და ჯემის უახლოესი მეგობარი,  ისტორიის მთავარი მეამბოხეა, მიუხედავად იმისა, რომ წერტილივით პატარა და ხანდახან ძალიან სასაცილოა.

და, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მისტერია ბავშვებისათვის – ბუა რედლი. ფინჩების მეზობელი, რომელიც  ბავშვებს არასდროს უნახავთ და მის შესახებ მხოლოდ მოკლე ისტორიები სმენიათ სხვა მეზობლებისაგან. ისტორიები, რომლებიც საკმარისია ბავშვური ცნობისმოყვარეობისა და ფანტაზიის გასაღვიძებლად.

ჭყიტა, ჯემი და დილი გაფაციცებით ცდილობენ ამ მისტერიის ამოხსნას და ბუას სახლიდან გამოტყუებას. ცდას არ აკლებენ, გამოარკვიონ მიზეზები, რომლებმაც ეს იდუმალი პერსონაჟი აიძულა წლობით სახლში გამოკეტილიყო და უარი ეთქვა მეიკომის სამეზობლოს წევრობაზე, მაგრამ ვერაფრით ვერ აღწევენ საბოლოო მიზანს.

ჯემი, ჭყიტა და დილი

ჯემი, ჭყიტა და დილი

ბუა რედლის მკითხველი მხოლოდ ერთხელ შეხვდება და ისიც სრული შემთხვევითობის გამო. ის ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ბავშვებისა და მკითხველის ყველა კითხვას გასცემს პასუხს და თითოეული ჩვენგანის ცნობისმოყვარეობას უეცარი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილებს. წიგნის დასაწყისში საშიშ, ჩაკეტილ ადამიანად წარმოდგენილი ბუა საბოლოოდ წიგნის მთავარ გმირად იქცევა.

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ ღამის გასათენებლად ღირებული ერთ–ერთი საუკეთესო წიგნია. მიუხედავად იმისა, რომ მკითხველს თავისი წილი ბავშვობა უკვე გავლილი აქვს, წიგნის დახმარებით ამ ზღაპრულ დროს კიდევ ერთხელ უბრუნდება და ახსენდება ყველა მეგობარი ბავშვობიდან, თითოეული სისულელე, რაც კი ოდესმე ჩაუდენია ან გაუფიქრებია.  ის თუთის (ან რომელიმე სხვა ხილის) ხეც კი, რომელზე აცოცებისასაც ფეხი არაეთხელ გაუსხვეპია. ყველა მეზობელი საშიში პერსონაჟის როლში და თითოეული ახალი აღმოჩენა სამყაროს შესახებ, რომელიც ერთდროულად შიშით, აღტაცებითა და ინტერესით ავსებდა გამოუცდელ ბავშვურ გონებას.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: