Skip to content

ჟოზეფი

June 18, 2012

რთულია საკუთარ თავზე ისტორიის ახლიდან მოყოლა. ბევრი ალბათ უკვე მიცნობს კიდეც ერიკ–ემანუელ შმიტის „ნოეს შვილიდან“. ჰო, მე წიგნის პერსონაჟი ვარ და გადავწყვიტე, მკითხველისთვის წერილი მიმეწერა.

ჟოზეფ ბერნშტაინი მქვია და შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი წარმომავლობა – ებრაელობა, უამრავ, არც თუ ისე იოლად მოსაგვარებელ, პრობლემას მიქმნის. იმედია რთული დასაჯერებელი არ იქნება, რომ 10 წლის ბიჭს რამე ღირებული შეიძლება ჰქონდეს მოსაყოლი.

ჩემი ამბები განსაკუთრებულად 1942 წლიდან გართულდა, როდესაც ტრამვაიში, რომლითაც მე და დედაჩემი ბრიუსელის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოსკენ მივდიოდით, სამხედროები ამოვიდნენ და რაღაც ისეთი გადაილაპარაკეს, რამაც დედა ძალიან შეაშინა. ამავე საუბარმა ჩემი მშობლები აიძულა გაქცეულიყვნენ. მე კი ერთ კეთილშობილ ოჯახში დამტოვეს. ფიქრობდნენ, რომ მალე მდგომარეობა გამოსწორდებოდა და ებრაელები აღარ ვიქნებოდით ადამიანები, რომელთაც ხვრეტდნენ და აპატიმრებდნენ იმ დროს. მე მიჩვეული ვიყავი, რომ დედაჩემი ყოველთვის ბრუნდებოდა, არც ახლა ვკარგავდი იმედს.

ყველაფერი ისე ცუდადვე გაგრძელდა, როგორც დაიწყო. ჩემს მფარველ ოჯახსაც პრობლემები შეუქმნა ჩემმა შეფარებამ. იძულებული გავხდი ვინმე მამა პონსს გავყოლოდი „ყვითელ ვილაში“. ასე ერქვა პანსიონს, სადაც ამ ქრისტიან მღვდელს ჩემნაირად პრობლემებით დახუნძლული ბავშვები ჰყავდა შეფარებული. „ყვითელ ვილაში“ ცხოვრების დაწყებიდან ჩემი წარმომავლობის დასაფარავად ჟოზეფ ბერტენად ვიქეცი. სინაგოგის ნაცვლად კი ეკლესიაში დავიწყე სიარული.

პანსიონის ყოველ ბინადარს ერთი მაღალკურსელი მფარველი უნდა ჰყოლოდა. ჩემს „ნათლიას“ რუდი ერქვა და ისეთი მაღალი იყო, რომ იწყებოდა და აღარ მთავრდებოდა. მისთვის რომ გეკითხათ, დედამიწაზე მასზე უიღბლო ადამიანი მეორე არ არსებობდა. ამბობდა, ოსპის ფაფაში ერთი კენჭიც რომ გაერიოს აუცილებლად მე შემხვდებაო, ნამდვილი „შლემაზელი“ ვარო. ამ ყველაფერთან ერთად ჯიუტად მიმტკიცებდა თავის არაებრაელობას. ვურჩიე, სხვებთან „შლემაზელის“ ნაცვლად, რამე უფრო არაებრაული სიტყვა, მაგალითად, უიღბლო გამოეყენებინა. დარწმუნებული ვარ მამა პონსმა ეს წინასწარ ჩაიფიქრა – ორი ებრაელისგან მტკიცე ალიანსი შეკრა. ჩვენ ერთმანეთის მესაიდუმლედ ვიქეცით. რუდიმ ჩვენი საიდუმლოებების შენახვის უზრუნველსაყოფად დაფიცების რიტუალი მასწავლა. ეს ილეთი თითების, ხელისგულისა და იდაყვების საკმაოდ რთულ მოძრაობებს მოითხოვდა და მიწაზე დაფურთხებით მთავრდებოდა.

„ყვითელ ვილაში“ ცხოვრებამ უამრავი რამ მასწავლა. მამა პონსი კი ნამდვილ აღმოჩენად იქცა ჩემთვის.

შეიძლება სწორედ მის გამოც კი ვწერდე ამ წერილს. ვფიქრობ, მეტმა ადამიანმა უნდა მოუსმინოს მის საუბრებს, რომლებსაც მე ვუსმენდი „ყვითელ ვილაში“ ცხოვრების დროს.

თანაც, ნუთუ არ გაინტერესებთ, როგორ დასრულდა მშობლების უსასრულობად ქცეული სამწლიანი ლოდინი.

წიგნში შეხვედრის იმედით, ჟოზეფ ბერნშტაინი.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: