Skip to content

ვინმე იონას ლარსენი “ნაივური.სუპერიდან”

June 9, 2012
ერლენდ ლუ – ნაივური.სუპერი.

ერლენდ ლუ – ნაივური.სუპერი.

აღმაშფოთებელია პირდაპირ, ავტორს, რომლის წიგნის პერსონაჟიც მე ვარ, იმდენად ნაივური ნაწარმოები გამოუვიდა, რომ ჩემი სახელის ხსენებაც კი დაავიწყდა და ბოლოს საკუთარ თავად გამასაღა. შეიძლება მიხვდით კიდეც, მე ის ნახევრად დეპრესიაში ჩავარდნილი ბიჭი ვარ ერლენდ ლუს „ნაივური. სუპერიდან“. ვფიქრობ,  ჩემზე „ბიჭი“ აღარც კი ითქმის, მას შემდეგ 16 წელი გავიდა და ახლა უკვე 39 წლის ვარ.

ალბათ გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ პერსონაჟები წიგნის დასრულების შემდეგაც ვაგრძელებთ ხოლმე ცხოვრებას და თქვენ წარმოიდგინეთ, ვიცვლებით კიდეც.

მეც რომ არ დამავიწყდეს, იონას ლარსენი მქვია. არადა, სულაც არ არის ხელწამოსაკრავი სახელი. იონასი ერთდროულად ორ ურთიერთსაპირისპირო რამეს: მშვიდობასა და ჩაგვრას ნიშნავს. შეიძლება ავტორმა სიუჟეტთან ვერ დააკავშირა და ამიტომ აღარც ახსენა ნაწარმოებში. რამე რომ იყოს, ვერც შეედავები. 

ახლა ჩრდილოეთ ნორვეგიის ძალიან ლამაზ ქალაქში, ტრომსოში ვცხოვრობ. ვერაფერს დაუწუნებ, კარგი ქალაქია. ერთი ის არის, რომ ძალიან ცივა, მაგრამ მაგასაც აქვს რაღაც დადებითი მხარეები. ეგაც არა, შეიძლება ითქვას, რომ სიცივე მიყვარს კიდეც. ან, არ გამოვრიცხავ, არც  მიყვარდეს და უბრალოდ მიჩვეული ვიყო, რთული მისახვედრია.

ახლა, როდესაც გაიგეთ, რომ არსებობა გამიგრძელებია, ალბათ ფიქრობთ, რომ იმ 25 წლის ბიჭის ლოგიკური მომავალი ვარ. ვცხოვრობ ცხოვრებით, რომლის აზრიც Empire State Building-ზე ვიპოვე, კვლავ უარვყოფ დროს არსებობას, ისევ ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი იმაზე გაცილებით იოლია, ვიდრე ეს ჩვენ გვგონია. უფრო შორს თუ წახვედით,  წარმოიდგენდით ჩემს შეყვარებულ ლიზასაც, რომელიც ახლა უკვე ცოლის სტატუსს უნდა ატარებდეს და ჩემს უაღრესად სახალისოსა და თავშესაქცევ სამსახურს. არ გეკამათებით, უდავოდ ლოგიკური და ლამაზია.

ტრომსო

ტრომსო

მაგრამ ალბათ უკვე იმასაც მიხვდით, რომ ჩემი ცხოვრება ლოგიკის ჩარჩოებიდან ამოვარდა. მე და ლიზას არც კი გვიქორწინია. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთს ვხვდებოდით. ნამდვილად კარგად ვატარებდით დროს, მაგრამ, ჩემი არ იყოს, ლიზაც ძალიან შეიცვალა. სულაც აღარ ჰგავდა იმ „ალანისს, მძღოლის გვერდით, მანქანის წინა სავარძელზე რომ იჯდა და წითელი მაისური ეცვა“. თუმცა, მასზე გაცილებით ლამაზ გოგოდ ჩვენი შეხვედრის ბოლო დღემდე დარჩა, ალბათ მერეც, წლებია არ მინახავს. ლიზასთან დაშორებიდან 3 თვის შემდეგ სხვა გავიცანი. მას ანა ერქვა და ბევრად უფრო მოსაწყენი ტიპი იყო, ვიდრე ლიზა. მაგრამ ფეხები ჰქონდა მასზე გაცილებით გრძელი და თან ლამაზი. ვიქორწინეთ კიდეც. ერთად ცხოვრების დაწყებამ კამათსაც დაგვაჩვია. ანა ვერ უძლებდა ჩემი თეორიების მოსმენას. მუდმივად მსაყვედურობდა, მეუბნებოდა ძალიან ბევრ დროს  ფლანგავ მათზე და მეც მაცდენო. ალბათ მიხვდით, არ მეთანხმებოდა, რომ დრო, როგორც ასეთი, არ არსებობს.  მეტსაც გეტყვით,  დრო მისთვის ყველაზე უფრო მეტი სიმძაფრით არსებობდა, ვიდრე პლანეტის სხვა ნებისმიერი მცხოვრებისთვის – მუდმივად სადღაც ეჩქარებოდა. დასაშორებლად განწირული წყვილი ვიყავით, მე თუ მკითხავთ. ერთი წელიც კი არ გვიცხოვრია ერთად.

ბევრი რამ, რაც წიგნში ვიცოდი, ახლაც მახსოვს. მაგალითად, ვიცი, რომ “ბონის ერთ–ერთ ლაბორატორიაში მეტალის სამმეტრიანი ცილინდრი დგას. რომ ამ ცილინდრს ნავის ფორმა აქვს და მინის ჩარჩოში არის მოთავსებული. არც ის დამვიწყებია, რომ ეს ატომური საათია, მსოფლიოში ყველაზე ზუსტი საათი”. მაგრამ, არ გამოვრიცხავ თექვსმეტწლიან შუალედს ამ ინფორმაციაზეც მოეხდინა გავლენა. მახსოვს ისიც, რომ დრო დედამიწასა და მზეზე სხვადასხვანაირი ტემპით იცვლება, და რომ მზეზე ის ორ მილიარდჯერ უფრო ნელა გადის. ფიზიკოსი, რომლის ნაშრომებსაც ვეცნობოდი მაგ დროს, პაულ დევისი, ამ განსხვავებას სიმძიმის ძალით ხსნიდა. თურმე, ეს ძალა, იქ, ზემოთ, უფრო მეტია და რაც ხდება, სწორედ ამიტომ ხდება. 

სხვაც ბევრი საინტერესო რამ ვიცოდი მაგ დროს. ბევრი რამ დამავიწყდა კიდეც. ხშირად გადავავლებ ხოლმე თვალს ლუს ნაივურ ჩანაწერებს ჩემს ცხოვრებაზე. საინტერესო შეგრძნებაა. დიდი ხნის წინ ნანახი ფილმის დახუჭული თვალებით ყურებას ჰგავს. მხოლოდ ხმა რომ გესმის და სცენების ამოქექვას ცდილობ მეხსიერებიდან.

ფიზიკის მიმართ ინტერესი სწავლის სურვილში გადამეზარდა. მალე სამსახურიც ვიშოვე, ქალაქის ერთ გარეუბანში სკოლაში ვასწავლიდი ფიზიკას, მაგრამ იმის გამო, რომ ლუს წიგნში აღწერილის მსგავსი იდიოტური გაკვეთილების ჩატარებას ვერ ვახერხებდი, მალევე გამომიშვეს.

ჩემი ცხოვრება, სიმართლე რომ გითხრათ, ისევე არ მომწონს, როგორც ნაივური მოგზაურობის დასაწყისში. ხანდახან ახალგაზრდობისდროინდელ ნაცად ხერხს მივმართავ ხოლმე, ვიხსენებ კოსმოსის ზომას,  მის ფონზე დედამიწის და მისი ყოველი მკვიდრის, მათ შორის საკუთარი თავის, ფსევდო პასუხისმგებლობისა და ჩაფლავებული ცხოვრების უმნიშვნელობას ვიაზრებ და ვმშვიდდები. მედიტაციის ერთგვარი ხერხია. მაგრამ ხანდახან ძალიან ზედმეტი მომდის და სართოდ მავიწყდება, რომ ვარსებობ: დილით არ ვიღვიძებ, არ ვიხეხავ კბილებს და არ ვსაუზმობ. არც ახლანდელ სამსახურში წასვლითა და შესვენებაზე ორი მეგობრიდან დარჩენილი, ცუდი მეგობრის ნახვით ვიწუხებ თავს. არ ვურეკავ არც ჩემს ძმას, რომელიც ჯერ კიდევ ნაწყენია ჩემზე, გაბრაზებულ გულზე ბავშვობისდროინდელი საიდუმლოს გამხელის გამო. შეიძლება გახსოვთ კიდეც, იმ ჩიტის ისტორია, რომელიც  მას ცოცხალი ეგონა. აი, იმ მომაკვდავი ჩიტის, ბავშვობაში თამაშის დროს რომ იპოვა, „სახლში წაიყვანა და მის მოვლა–პატრონობას მოჰკიდა ხელი. უნდოდა ჩიტუნა გამოკეთებულიყო, დაბრუნებულიყო თავის ოჯახთან, ეფრინა და ისეთივე რაღაცები ეკეთებინა, რითაც ჩვეულებისამებრ, თოლიას ბარტყები ერთობიან ხოლმე“, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთ დილასაც მამამ ჩიტი მკვდარი იპოვა.ჩემი ძმის გაღვიძებამდე ჩიტი დამარხა, გაღვიებულს კი ახარა, ჩიტი გამოჯანმრთელდა და გაფრინდაო. შეიძლება სწორედ ამ შემთხვევამ გააჩინა ჩვენ შორის განსხვავებები. მას იმ წამს დაეუფლა გრძნობა, რომ „სამყარო მშვენიერია, რომ შეიძლება კაცმა რაღაც აკეთოს და საგნები ზოგჯერ კი არ უარესდება , არამედ პირიქით – უკეთესობისკენ იცვლება“. ჰოდა, ერთხელაც, ჩემი ჩაფლავებული საქმეებით გაბრაზებულმა მასზე ვიყარე ჯავრი და ყველაფერი მოვუყევი. ვუთხარი, რომ იმ ჩიტუნას სულაც არ გაუხარჯავს ჩემი ძმის წყალობით მოპოვებული ცხოვრება: არც ოჯახთან ერთად უფრენია და არც სხვა თოლიებისთვის დამახასიათებელი თავშესაქცევი რაღაცები უკეთებია. ამ საიდუმლოს გამხელას დიდი არაფერი ცვლილება არ მოუტანია ჩემთვის, მცირე სინდისის ქენჯნას თუ არ ჩართვლით. ჩემს ძმასაც დასწყდა გული, მაგრამ უფრო ჩემმა გაბოროტებამ გაანაწყენა, ვიდრე ჩიტუნას არგაგრძელებულმა ცხოვრებამ. 

ამ შემთხვევის შემდეგ განსაკუთრებით გამიმძაფრდა „ნაივურ.სუპერში“ აღწერილი საკუთარი თავის დაბრუნების სურვილი. ბევრი ცვლილების მიუხედავად ვერ ვიტყვი, რომ იმ დროსთან არაფერი მაკავშირებს, ბოლოს და ბოლოს ჩემი წარსულია, სწორედ მე ვცხოვრობდი მასში. ეგაც არა, კარადაში ისევ დევს ის სათამაშო, რომელსაც ერლენდ ლუ ახსენებს წიგნში. იქნებ კიდევ ღირდეს მისი გადმოღება და ცხოვრების აზრის ახლიდან ძიება. ან იქნებ ჯობდა, ჩემი ცხოვრება იმ მომენტში გაჩერებულიყო, როდესაც ვიგრძენი, რომ „ნაღდი კაცი ვიყავი“, როდესაც მახსოვდა, რომ ლიზა, შეუცვლელი ლიზა, მელოდა ჩემს ქვეყანაში, სადაც ამერიკიდან პერსპექტივა ნაპოვნი უნდა დავბრუნებულიყავი. რას არ მივცემდი, მუდმივად ამ მდგომარებით რომ გამეგრძელებინა ცხოვრება, სანამ ჩემი კუთვნილი დროის ლიმიტი არ ამოიწურებოდა.

ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამ ამბებზე. მეტისაც გეტყვით, მგონი მათ გარდა არც არაფერზე ვფიქრობ. 

 

5 Comments leave one →
  1. June 9, 2012 10:52 am

    ძალიან მომწეონა პოსტი!!!!!!! და სიამოვნებით წავიკითხავდი. ძალიან საინტერესო ჩანხართ იონას!🙂

  2. Annika permalink
    June 9, 2012 7:15 pm

    კარგია, ოღონდ 1 დეტალი: jonas იონასი არაა, იუნასია🙂

    • June 9, 2012 7:36 pm

      მადლობა, გავითვალისწინებ და ამიერიდან იუნასით გავაცნობ ხალხს საკუთარ თავს.🙂

  3. orphan04 permalink
    July 2, 2012 8:35 pm

    საკმაოდ კარგი იყო მომეწონა იონას შემდგომი ცხოვრების თქვენეული ხედვა:) გული დამყდა რომ ვერ გაიმარჯვეთ.ორი კითხვა მაგვს მაინტერესებს რა მოუვიდა ბერეს? და რა ზეგავლენა მოახდინა პაულის ასისტენტის წერილმა იონაზე?

    • July 4, 2012 1:22 pm

      გამიხარდა, რომ მოგეწონათ. : )
      გამარჯვებასთან არც ისე ახლოს ვიყავით, მაგრამ არანაკლებ კარგი პრიზი მივიღეთ.❤
      ბერეზე არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ ასეთ მომავალში მისი ადგილი არ იქნებოდა.
      რაც შეეხება წერილს, მგონი რომ ზუსტად მაგან მაფიქრებინა, რომ პერსონაჟი ასე შეიცვლებოდა. ვერ გეტყვით ზუსტად. : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: