Skip to content

შიმშილის თამაშები

June 4, 2012

ლიბრარიუმის რეცენზიების კონკურსის გამარჯვებული.

ავტორი – გიორგი ხარაიშვილი

ტრილოგიის პირველი წიგნის რეცენზია

 2012 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ქართულ ენაზე გამოსცა სიუზენ კოლინზის “შიმშილის თამაშების” ტრილოგიის პირველი წიგნი. ორიგინალში წიგნი 2008 წელს გამოვიდა და უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს. იგი ითარგმნა 26 ენაზე, დასახელდა წლის საუკეთესო წიგნად Publishers Weekly-ის მიერ, მიიღო “2008 წლის მნიშვნელოვანი საბავშვო წიგნის” ჯილდო The New York Times-გან, შევიდა School Library Journal-ის 2008 წლის საუკეთესო წიგნების სიაში და ა.შ.

თანამედროვე ლიტერატურა პოსტ-აპოკალიფსური, დისტოპიური სამყაროების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. ფენტეზის ჟანრი გადავსებულია უამრავი მდარე ხარიხის წიგნით, რომლებიც მსგავს თემატიკაზეა შექმნილი, და რთულად განირჩევა ერთმანეთისაგან. უმრავლესობა განიცდის ამ ჟანრის საკულტო ნაწარმოებების სერიოზულ გავლენას. შესაბამისად ფენტეზის  მოყვარულთათვის რთულია ახლად შექმნილი/გამოცემული წიგნებიდან ნამდვილად კარგი ლიტერატურული ღირებულების მქონე ნაწარმოების არჩევა.

სიუზენ კოლინზის “შიმშილის თამაშები” საქართველოში მას შემდეგ გამოიცა, რაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა, ასე რომ ქართველ მკითხველს ხარისხის გადამოწმება არ დასჭირვებია. მიუხედავად ამისა, სასურველია მაინც გამოიკვეთოს ის მიზეზები, რის გამოც ტრილოგიის პირველმა წიგნმა ასეთი აღიარება მოიპოვა.

ნაწარმოების დასაწყისიდანვე მწერალი გვთავაზობს საინტერესო სიუჟეტს, რომელიც პანემში ვითარდება. წიგნი სწრაფად, მსუბუქად, ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ძალიან ჩამთრევია. ეპიზოდები იმდენად დინამიურად ებმის ერთმანეთს, რომ მკითხველი თავის დაღწევას ვერ ახერხებს. ყოველი თავი მთავრდება სხვადასხვა ახალი ინფორმაციით, რომელიც ინტერესის ნამდვილ აფეთქებას იწვევს და კითხვის შეწყვეტას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის.

ამბავს პირველ პირში ყვება პანემში მცხოვრები თექვსმეტი წლის ქეთნის ევერდენი. ეს დამატებით მიმზიდველობას მატებს ნაწარმოებს, რადგან იგი ფენტეზი-სამყაროს უყურებს არა “ზემოდან”, როგორც ენციკლოპედიურად აღწერილ, ხელისგულზე გადაშლილ ადგილს, არამედ “შიგნიდან”, მისი ერთ-ერთი მცხოვრების, სრულიად ჩვეულებრივი გოგონას თვალთახედვით, რაც საშუალებას აძლევს მას თანდათან აღიქვას პანემის თავისებურებები.

თავად მთავარი პერსონაჟი, ქეთნის ევერდენი, არის მე–12 რაიონის მცხოვრები, რომელიც იძულებული გახდება ჩაერთოს კაპიტოლიუმის მიერ დაწესებულ შიმშილის თამაშებში. ქეთნისი სრულიად ჩვეულებრივი გოგოა, რაც ერთის მხრივ კარგია, რადგან მკითხველს საშუალებას აძლევს ადვილად წარმოიდგინოს თავი მის ადგილას, მთავარ მოქმედ პერსონაჟად,  ხოლო მეორეს მხრივ კი ცოტა ხანში ეს “ჩვეულებრივობა” მომაბეზრებელი ხდება.

შიმშილის თამაშები შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ: ნაწილი არენაზე შესვლამდე, და შესვლის შემდეგ. პირველი მათგანი მკითხველის მოსამზადებელი ოთახია არენაზე შესვლამდე. ვინაიდან არცერთ მკითხველს წიგნის გადაშლისთანავე ეჭვი არ ეპარება, რომ ქეთნისის შიმშილის თამაშებში მოხვედრა გარდაუვალია, წიგნის ამ ეპიზოდის ძირითადი დატვირთვაა უბრალოდ გოგონას არენამდე მიყვანა და გარკვეული გარემოებების შემზადება. თუმცა, მიუხედავად ამისა, სიუზენ კოლინზის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არენამდელი ნაწილი ამის გამო არანაირად არ არის მოსაწყენი, ვინაიდან ამ მონაკვეთში იგი ნელ-ნელა ახდენს პანემის და მთავარი პერსონაჟების წარდგენას მკითხველისათვის. შესაბამისად შიმშილის თამაშების დაწყების მომენტში ფენტეზი-სამყარო უკვე კარგადაა გაფერადებული.

თავად თამაშების ეპიზოდი წიგნის უდაოდ ყველაზე ჩამთრევი ნაწილია. კოლინზი რეალისტურად აღწერს ბრძოლის მონაკვეთებს. ამ დროს საინტერესოა, რომ რიგითი მკითხველიც ისეთივე სიამოვნებას იღებს არენაზე გამართული “საზარელი და სასტიკი” მოვლენებისაგან, როგორც რიგითი კაპიტოლის მცხოვრები. მკითხველი ამ დროს იმ შოუთი ტკბება, რომელიც მისავე თვალში გასაკიცხია.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც წიგნს ასე მიმზიდველს ხდის, არის კოლინზის უნარი ეფექტურად გამოიყენოს მოულოდნელი მოვლენები. ამის მაგალითად შეიძლება დასახელდეს პიტას ქცევა შიმშილის თამაშების დასაწყისში, როდესაც იგი პროფესიონალებთან ერთად ნადირობს დანარჩენ შეწირულებზე. კოლინზი ამ დროს იყენებს მკითხველის ნდობას პიტას მიმართ და მის მიმართ ინტერესს აღვივებს. უნდა აღინიშნოს, რომ ტრილოგიის მეორე ნაწილში “Catching Fire” კოლინზი ამ მეთოდს იმდენად კარგად იყენებს, რომ რამდენიმე ეპიზოდში ემოციების საოცარ მოზღვავებას იწვევს.

მიუხედავად ამისა, წიგნში არის ბევრი გამოკვეთილი ხარვეზი. მაგალითად ესაა თავად ქეთნის ევერდენის ხასიათი. ზემოთ აღვნიშნე, რომ ქეთნისი არის სრულიად ჩვეულებრივი გოგონა, რაც ერთის მხრივ კარგია, რადგან სამყაროს აღქმას აადვილებს, მაგრამ ცოტა ხანში მკითხველი მიხვდება, რომ ქეთნისი ზედმეტად ჩვეულებრივი, ძალიან “მშრალი” პერსონაჟია. იგი არ გამორჩევა განსაკუთრებული გონებითა და მიხვედრილობით, რაც აშკარა კონტრასტს ქმნის პიტას და ჰეიმიჩის გონებრივ მონაცემებთან. ეს ტენდენცია მეორე და მესამე წიგნებშიც გრძელდება, როდესაც ქეთნისის მოუსაზრებლობა და მის მიერ გეილის და პიტას გრძნობების გამოყენება (ნებით თუ უნებლიედ) უკვე ძალიან გამაღიზიანებელი ხდება. სამივე წიგნის წაკითხვის შემდეგ გამოვიტანე დასკვნა, რომ გოგონას, რომელიც ცეცხლში იყო, მხოლოდ და მხოლოდ ისრის ზუსტად სროლა შეუძლია.

მეორე ხარვეზი არის შიმშილის თამაშების ბოლოს არენაზე მუტანტების გამოჩენა. სიუჟეტის ეს ნაწილი ძალიან სუსტია, და საკვირველია, თუ რაში დასჭირდა კოლინზს ვითარებაზე ამდენად ბანალური ხერხით ზემოქმედება. რჩება შთაბეჭდილება, რომ მწერალმა ეს ეპიზოდი გამოიყენა ისევე, როგორც ფილმებში იყენებენ შინაარსობრივად მდარე, მაგრამ სანახაობრივ სპეცეფექტებს.

შემდეგი ხარვეზი არის ზედმეტად ბედნიერი დასასრული. მთელი წიგნის განმავლობაში აქცენტი გაკეთებულია თამაშების იმ თავისებურებაზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეწირული შეიძლება გადარჩეს ცოცხალი. ხოლო ნაწარმოების ბოლოს ვხედავთ, რომ ორივე პერსონაჟი, რომელზეც მკითხველს გული შესტკივა, ცოცხალი და უვნებელი ბრუნდება სახლში. ასეთი ფინალი აშკარა გადამლაშებაა და ბავშვურადაც გამოყურება. გასაგებია, რომ მეორე და მესამე წიგნები ქეთნისის ამ მოქმედების შედეგებზეა აწყობილი, მაგრამ თავად შიმშილის თამაშების ფინალი ძალიან სუსტად გამოიყურება. თითქოს კოლინზმა გული არ დასწყვიტა ახალგაზრდა მკითხველს და შემდეგი წიგნების წაკითხვადობის გარანტია მოიპოვა.

პანემი

პანემი

კიდევ ერთი ხარვეზი შეიძლება თავად სამყაროში დავინახოთ – იგი ძალიან ბიპოლარულია. ზოგადი ტენდენციის მიხედვით, თანამედროვე ფენტეზი სამყაროებში თავიდანაა აცილებული ყველაფრის “კეთილ” და “ბოროტ” მხარებად დაყოფა. მაგალითად ავიღოთ აზეროტი: ამ სამყაროში ცნება “კეთილი” და “ბოროტი” საერთოდ არ არსებობს, ხშირად ორკების ურდო, რომელიც იდეაში ყველზე ველური და სისხლისმოყვარე გაერთიანებაა, მხსნელად მოევლინება ხოლმე აზეროტს, ხოლო ადამიანები, ელფები და სხვა მსგავსი რასები, რომლების მაღალგანვითარებულ ინტელექტს ფლობენ, ამ ცოდნას საშინელი საქმეების ჩასადენად იყენებენ. რაც შეეხება შიმშილის თამაშებს, აქ ბიპოლარული სამყარო აშკარაა: “კარგ მხარეს”, ანუ რაიონებში, ჩვეულებრივ ხალხში, ყველა დადებითი პერსონაჟია, თვით მშვიდობისმყოფელებიც კი, ხოლო “ბოროტ”, კაპიტოლიუმის მხარეს ყველაფერი უარყოფითია. ისეთი ელემენტები როგორიც მაგალითად ცინაა, სრულიად  გამოყოფილია კაპიტოლიუმისაგან, რითაც ბიპოლარულობა უფრო გამოიკვეთება. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ფენტეზი-სამყაროსათვის ასეთი გახლეჩა რეკომენდებული არაა, რადგან იკარგება მრავალფეროვნება, და სიუჟეტის ძირითადი ხაზი მარტივად პროგნოზირებადი ხდება.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ წიგნი ძალიან სასიამოვნო წასაკითხია, და მისი წაკითხვა ყველასთვის რეკომენდებულია. „შიმშილის თამაშები“ მიმზიდველია, ჩამთრევი, დამაინტრიგებელი, და ძალიან მსუბუქი. იგი საოცარი სიადვილით აღიქმება, და თავბრუს ახვევს მკითხველს. მიუხედავად იმისა, რომ მას ზემოთ დასახელებული საკმაოდ სერიოზული ხარვეზები აქვს, წიგნის წაკითხვა უდავოდ დადებით ემოციებს იწვევს.

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 33 other followers

%d bloggers like this: